შაბათის ფორმულამ იმ მოსამართლეების ქონება შეისწავლა, რომლებსაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. ე.წ. სასამართლო კლანის წევრების დიდძალი ქონება მათ ოფიციალურ შემოსავალს საგრძნობლად აღემატება.
შაბათის ფორმულამ დაადგინა, რომ ამ დიდძალი ქონების გადამალვის მიზნით, ე.წ. კლანის წევრები სახლებს, ძვირადღირებულ ნივთებსა და ბიზნეს წილებსაც, ხშირად ოჯახის წევრებზე აფორმებენ, რაც სავარაუდოდ გახდა იმის საფუძველი, რომ მოსამართლეებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებიც დაასანქცირეს.
ბინები თბილისის ცენტრალურ უბნებში, აგარაკები დედაქალაქის შემოგარენში, საფეხბურთო და საკალათბურთო მოდნებით, ჩოგბურთის კორტებით, აუზებით, ამერიკული ტექნიკის მაღაზია აიტექნიქსი, ჩინური ქსიაომი, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელი - წილკნის ველებზე - ეს ე.წ. კლანის წევრების ქონების არასრული ჩამონათვალია.
შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს ეკუთვნის ფეშენებელური ვილა - გამწვანებული 2 900 კვადრატული ეზოთი, აუზით, საზაფხულო სივრცით და პირადი სტადიონით. გარდა ამისა, მისი პირადი სპორტული მოედანი ყველა მხრიდან გალავნით არის გარშემორტყმული და იქ მოხვედრა, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შეუძლებელია. თბილისის ერთ-ერთ მდიდრულ დასახლებაში, ამ ვილის აშენება ცერცვაძემ 2018 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ , როცა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა და მისი ხელფასი 7 000 ლარს არ აღემატებოდა. გარდა ამისა, ვალერიან ცერცვაძის ოჯახის საკუთრებაში მისი მოსამართლეობის დროიდან აიტექნიკსია, ეფლის პროდუქციის ერთ-ერთი შემომტანი. მოგვიანებით კი მოსამართლის ოჯახმა ტექნიკის შემოტანა ჩინეთიდანაც დაიწყო და ქსიაომის რამდენიმე მაღაზია გახსნა. აღსანიშნავია, რომ დღეს ამ მაღაზიებთან კავშირს ცერცვაძე და მისი ოჯახის წევრები არ მალავენ და პირიქით, ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ, თუმცა რამდენიმე წლის წინ მათთან კავშირს სრულად გამორიცხავდნენ.
ცერცვაძის ქონება ამით არ სრულდება - ასეულ ათასობით მეტრი მიწა სოფელ წილკანში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მისი ცოლის მამის სახელზე ფიქსირდება, ცოლს ეკუთვნის რესტორანი შუაგული წილკანში, რომელიც ქორწილებისა და ბანკეტების გადასახდელად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რესტორანთან ერთად, წილკანში ცერცვაძეების ოჯახს წილი სასტუმროში, ე.წ გლემფინგშიც აქვს.
საცურაო აუზი, გაშენებული ბაღები და შთამბეჭდავი ეზო - ეს ე.წ. კლანის კიდევ ერთი წევრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხელ ჩინჩალაძის ქონების ნაწილია. დასანქცირებულ ჩინჩალაძეს ვილა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან ახლოს, 2 000 კვადრატულ მეტრზეა აშენებული. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ჩინჩალაძეს აქვს ორი ბინა თბილისის ცენტრში, ვერაზე, ჯანაშიას ქუჩაზე [ე.წ. მოსამართლეების კორპუსში], თუმცა არც ერთი ბინა დეკლარაციაში არ აქვს ასახული. დადგინდა, რომ ჩინჩალაძის მეზობლად, ამავე კორპუსში კიდევ ერთი დასანქცირებული მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე ცხოვრობს.
ლევან მურუსიძე ქონების დეკლარაციიდან დამალვაში აქამდეც არაერთხელ უმხილებიათ. უძრავი თუ მოძრავი ქონების უდიდესი ნაწილი, მის პარტნიორზეა გაფორმებული. ქალი, [ლელა ჭანია] რომელიც უკვე რამდენიმე წელია მურუსიძის სახლში ცხოვრობს და საზოგადოებაში მის ცოლად იცნობენ, ოფიციალურ ქორწინებაში მოსამართლესთან არ არის, თუმცა სხვადასხვა ჟურნალისტურ გამოძიებებს მათი თანაცხოვრება არაერთხელ დაუმტკიცებიათ.
ლელა ჭანია რამდენიმე სახლს და ბინას თბილისში, მიწის ნაკვეთებს, ბინებს ბათუმში და დიდი ოდენობით ძვირფასეულობას ფლობს, მაშინ როდესაც მისი ანაზღაურება საქალაქო სასამართლოში შაბათის ფორმულას ინფორმაციით, დაახლოებით 3 000 ლარი იყო. ბოლო 2 წლის განმავლობაში ლელა ჭანიამ 166 000 დოლარის უძრავი ქონება, ყოველგვარი სესხის გარეშე შეიძინა. მურუსიძის პარტნიორი ქალი, მოსამართლე მეგობრებთან ერთად, ევროპასაც სამოგზაუროდ არაერთხელ სტუმრობენ. ის ასევე ძვირადღირებული ბრენდების სიყვარულით გამოირჩევა.
ე.წ. კლანის კიდევ ერთი სანქცირებული წევრი ირაკლი შენგელიაა. შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ 1 წლის წინ გიამბოთ როგორ მალავდა შენგელია ქონებას, როცა მიწას გურჯაანში, სოფელ არაშენდაში საკუთარ სტუდენტ შვილზე აფორმებდა. გარდა ამისა, შენგელია ფლობს საცხოვრებელ ბინებს თბილისში, ფარნავაზ მეფისა და ბერბუკის ქუჩებზე - საბოლოო ჯამში დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრს. აპარტამენტი აქვს ბათუმშიც, რომელსაც ის, სავარაუდოდ, უკვე რამდენიმე სეზონია აქირავებს. ამასთან, სასამართლო სისტემა შენგელიას ოჯახის დასაქმების მთავარი წყაროა. მისი ცოლი ლანა თევზაძე მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად, და - თინათინ შენგელია სამტრედიის რაიონულ სასამართლოში. დისშვილი - სალომე კაცაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი და ქართული ოცნების ლიდერის ალუდა ღუდუშაურის ცოლია.
მედიის არქივში ინახება მასალები იმ კულუარული შეხვედრების შესახებ, რომელიც 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების დროს, რუსთაველის გამზირზე - ვანო ზარდიაშვილის, ვალერი ცერცვაძეს, ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძის და გიორგი მიქაუტაძეს შორის მოხდა.
ოჯახის წევრებზე გადანაწილებული და გადამალული ქონება, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი.
* * *
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.