რა ფორმით ჩატარდება საეკლესიო მსახურებები მომავალ რელიგიურ დღესასწაულებზე -ამ საკითხზე მსჯელობას სინოდი აპირებს. უახლოეს მომავალში გადაწყვეტილების მისაღებად ეპისკოპოსების შეკრება იგეგმება.
როგორც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააღდგომო წირვა-ლოცვების ჩატარების წესთან დაკავშირებით სასულიერო პირები პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ. თუმცა ხარებისა და ბზობის დღესასწაულები ტრადიციულად ჩატარდება.
„ყოველდღე იცვლება რეგულაციები და ყოველდღე პატრიარქისგან ახალი კურთხევა შემოდის. დღეს ვემზადებით ხარების დღესასწაულისა და ბზობისთვის. ყველა რეგულაცია დავიცავით. ვნახავთ, როგორ გვაკურთხებს უწმინდესი. მერე მივდივართ უწმინდესთან, ვიმსჯელებთ პატრიარქთან ერთად ბზობის მერე", - ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ამბობს, რომ მსახურება წესების დაცვით მიმდინარეობს და სახელმწიფოს დაწესებული რეგულაციები არ ირღვევა.
„ყველა მღვდელმთავარი არის თავის ეპარქიაში, ველოდებით ოფიციალურ განცხადებას და პატრიარქის რჩევას. ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი, ისე ვატარებთ, როგორც ვატარებდით. ვითვალისწინებთ სახელმწიფოს რეგულაციებს", - განაცხადა მეუფე გერასიმემ.
ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს და საფრთხეებიდან გამომდინარე, სინოდი ვერ შეიკრიბება საკითხზე სამსჯელოდ.
„მე არ ვიცი, რა მოლაპარაკება მიმდინარეობს თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის. მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ეს ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, იქნება პატრიარქი. რადგან ასეთი ფორსმაჟორია და სინოდი ვერ შეიკრიბება საფრთხეებიდან გამომდინარე, ალბათ პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ ვინც მკურნალობს, ისინი ამბობენ, ისე მოვიქცევით, როგორც პატრიარქი ამბობსო, მე როგორ მოვიქცევი სხვანაირად", - აცხადებს მეუფე გრიგოლი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კარანტინის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.
მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა საპატრიარქომ ტაძრებში ზიარების წესი არ შეცვალა, თუმცა მოგვიანებით პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს და სასულიერო პირებს მიმართა. პატრიარქის თქმით, ეკლესიის კარის დახურვა შეუძლებელია. მან საზოგადოებას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო სასულიერო პირებს ტაძრებსა და მონასტრებში განთავსებული ხატების ხშირი გაწმენდა ურჩია.