logo
ENG



ვინ არიან ფონდ „ქართუს“ შემომწირველები და რაში ხარჯავს ფონდი მილიონებს

12 ივლ 202015:19
3 წუთის საკითხავი
 
gdns1eho1y6ail7.jpg

ბიძინა ივანიშვილი იყენებს ქველმოქმედებას პოლიტიკური მიზნით - ირაკლი აბესაძე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შემოსავლებსა და ხარჯებს ასაჯაროვებს.

როგორც დეპუტატის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, 2018 წელს საქველმოქმედო ფონდის შემოსავალი იყო 92 მილიონზე მეტი, ხოლო 2019 წელს ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღო.

2018 წელს ფონდმა 119 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ხოლო 2019 წელს 187 მილიონზე მეტი - თუმცა, წინა წელთან შედარებით, 2019 წელს კონკრეტული სფეროების დაფინანსებაზე თითქმის ორჯერ ნაკლები დაიხარჯა.

როგორც ირაკლი აბესაძემ „ფორმულასთან“ განმარტა, მან იპოდრომის ტერიტორიის საეჭვო გასხვისების შემდეგ გამოითხოვა ინფორმაცია ფონდის ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ.

მისი დაკვირვებით, „ქართუს“ შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიებიდან, რაც კითხვებს ბადებს კანონიერებასთან დაკავშირებით.

„80 მლნ ლარი მიღებული აქვს ოფშორებიდან - საჯარო წყაროებიდან გადამოწმებით უმრავლესობა აღმოჩნდა ივანიშვილის, გარდა ორი კომპანიისა. ეჭვი, რომ „ქართუ“ იღებს შემოწირულობას ოფშორებიდან, რომლის წარმომავლობის წყაროს კანონიერების დადგენა არის შეუძლებელი, ამით დადასტურდა", - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

ირაკლი აბესაძე ასევე ამბობს, რომ როგორც ფონდის ხარჯებიდან ირკვევა, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროს საარჩევნო 2018 წელს ორჯერ მეტი დაფინანსება ჰქონდა, ვიდრე 2019 წელს.

„ხარჯვით ნაწილში თვალშისაცემია კულტურის, განათლების და სპორტის სფეროს დაფინანსების საკითხი. თუ შევადარებთ წლებს, ვნახავთ რომ 2018 წელს ორჯერ მეტი თანხა აქვს გადახდილი კონკრეტული ანსამბლებისთვის, ფედერაციებისთვის და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის,  ვიდრე 2019 წელს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილი ქველმოქმედებას იყენებს პოლიტიკური მიზნით და ქველმოქმედების საფარქვეშ იხდის ადამიანების ლოიალობაში თანხას საარჩევნო წელიწადს. სხვა მხრივ ხარჯები გაზრდილიც კია, რაც უკავშირდება ქუთაისის უნივერსიტეტს და აბასთუმნის პროექტს. საინტერესოა ვალების ჩამოწერის პროგრამაც - მოსახლეობას ჰპირდებოდნენ, რომ მილიარდ-ნახევარის ვალს გამოისყიდდნენ. აღმოჩნდა, რომ ქართუს 37,5 მლნ დაუჯდა და ესეც გადაჭარბებულია", - აცხადებს აბესაძე.


close დახურვა