logo
ENG



ვინ არის უკრაინის მიერ სანქცირებული - სია

05 დეკ 202411:52
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, სანქციებს უწესებენ ბიძინა ივანიშვილსა და მის 18 თანამოაზრეს.

"უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი 18 თანამოაზრის წინააღმდეგ. ზუსტად მათ წინააღმდეგ, ვინც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, ყველას მსოფლიოში, პრინციპულად იმოქმედონ", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, სანქცირებულთა სიაში არიან:

  • ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების თავმჯდომარე
  • ირაკლი კობახიძე - პრემიერი
  • გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
  • კახა კალაძე - თბილისის მერი 
  • მიხეილ ჩინჩალაძე - მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
  • მამუკა მდინარაძე - ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  • ოთარ ფარცხალაძე - ყოფილი გენერალური პროკურორი
  • ირაკლი რუხაძე - ტელეკომპანია იმედის მფლობელი
  • ლევან მურუსიძე - მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • ვიქტორ ჯაფარიძე - ქართული ოცნების დეპუტატი
  • დიმიტრი სამხარაძე - ქართული ოცნების დეპუტატი
  • გიორგი (გოგა) ხაინდრავა - პროპაგანდისტი
  • გიორგი კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა
  • ზვიად შალამბერიძე - ქართული ოცნების დეპუტატი
  • შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
  • თეა წულუკიანი - იუსტიციისა და კულტურის ყოფილი მინისტრი, ქართული ოცნების დეპუტატი
  • ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
  • კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სანქციები მიმართულია ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც "საქართველოს პუტინს გადასცემს".

სანქციების დაწესება უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ, 4 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დააანონსა. მან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

"უბრალოდ სამარცხვინოა, რას აკეთებენ ახლა ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და როცა მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად მიუთითებს, ვისთვის მუშაობენ თბილისში და ვისთვის შლიან საპროტესტო აქციებს. საქართველოსთვის ნამდვილად არა", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინდელ ვიდეომიმართვაში. 


close დახურვა