logo
ENG



ვინ დგას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან და რას მალავენ ქართველი სამართალდამცველები

02 ივნ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირზე დაწყებული გამოძიების შემდეგ, მოსკოვი გერმანიის საგამოძიებო უწყებებს მასალას არ აწვდის. საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. კვალი რუსეთის სახელმწიფო ორგანოებთან მიდის. მკვლელობას კი, 2015 წელს საქართველოში განხორციელებული თავდასხმა უძღოდა.

რუსეთის პროკურატურის მსგავსად, მომხდარს არც ქართველი ძალოვანები იძიებენ. ხანგოშვილის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ თავდასხმის უკან რუსული ინტერესები და ქართველი ჩინოვნიკების დანაშაულია. ზელიმხან ხანგოშვილის ძმა დარწმუნებულია, რომ მისი ძმის მკვლელობა საქართველოში 2015 წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართულო ძალოვანი უწყებების დახმარებით სცადეს, საქართველოში დაწყებული საქმე კი, რუსებმა გერმანიაში გასულ წელს დაასრულეს და ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ზურა ხანგოშვილის თქმით, საქმეში და მის გაჭიანურებაში მაღალი თანამდებობის პირებიც მონაწილეობდნენ და იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა სამართლიან გამოძიებას ჩაატარებს, ეს გამოიკვეთება. ის ასევე აცხადებს, რომ 2015 წელს თავდასხმაში მონაწილე პირები საქართველოს ხელისუფლებამ ზელიმხანის მოსაკლავად ჯერ ქვეყანაში შემოუშვა, თავდასხმის შემდეგ კი, გაუშვა.

გერმანიაში გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით მოკლეს. მკვლელობიდან მალევე სამართალდამცველებმა ბერლინში ცხელ კვალზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილებით, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს.

ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე პანკისის ხეობაში საუბარს ერიდებიან. პირად საუბრებში ამბობენ, რომ ხეობაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის  გავლენა გაზრდილია. კამერის წინ ლაპარაკს მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილი დათანხმდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსულ სპეცსამსახურებთან ღიად აკავშირებს და ამ საქმის გამოუძიებლობასაც ამ კავშირით ხსნის.

არაეფექტური, გაჭიანურებული და საეჭვო გამოძიების გამო, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ხანგოშვილის ოჯახმა და ადვოკატებმა უკვე მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სარჩელთ "ხანგოშვილი - საქართველოს წინააღმდეგ". 5-წლიანი გამოძიების შემდეგ "ფორმულას" კითხვას - რა ეტაპზეა გამოძიება, პროკურატურა არ პასუხობს.


close დახურვა