საქართველოში არის პროფესიები, რომელთა გაახალგაზრდავებას, ანუ საშუალო ასაკის დაწევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთია ვეტერინარია. ვეტერინარ-ექიმთა რაოდენობა ქვეყანაში არასაკმარისია. ამიტომ, ზოგჯერ კომპანიებს, მსხვილ ფერმერებს, უცხოეთიდან, მაგალითად, უკრაინიდან ან რომელიმე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ჩამოჰყავთ სპეციალისტები. საქართველოში მეცხოველეობის სექტორი - განსაკუთრებით საუბარია მსხვილფეხა საქონელზე - ვერ არის სათანადოდ მსხვილი და შემოსავლიანი, ამიტომ ფერმერებს უჭირთ იმ თანხის გადახდა, რომელიც ახალგაზრდა კადრს მოიზიდავს. ვეტერინარებს თავის გასატანად რამდენიმე ფერმასთან ერთდროულად უწევთ თანამშრომლობა.
კერძო სექტორს შეუძლია თავისთვის გამოზარდოს ახალგაზრდა კადრი და დაასაქმოს, მაგრამ რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებსაც სოფელში რამდენიმე ძროხა ან ღორი ჰყავთ. კერძო სექტორში დასაქმებული ვეტერინარი უბრალოდ არ მოინდომებს რომელიმე მაღალმთიან სოფელში წასვლას და იქ თითოოროლა ცხოველის მკურნალობას. არადა, საქონლის ძირითადი ნაწილი სწორედ სოფლებშია და არა ფერმებში.
სწორედ აქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. საქართველოში რაც შეიძლება მეტ სოფელს უნდა ჰყავდეს ვეტერინარი ექიმი, რადგან პროდუქტები, რომლებიც სოფლად იწარმოება, ჩვენ სუფრაზე ხვდება. როცა საქმე გვაქვს ხორცთან, ან რძესთან, სწორედ ვეტერინარია იმის გარანტი, რომ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ქვეყანაში რომ ვეტერინარები ძირითადად ხანდაზმული ადამიანები არიან და შესაბამისი განათლების მიღება პრობლემაა, ამას სახელმწიფოც აღიარებს. რამდენად შორსაა წასული პრობლემის მოგვარების პროცესი აღიარების მიღმა, ამას „დროების“ რეპორტაჟიდან მიხვდებით.
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ამ მიმართულებით ცვლილებებს და პოლიტიკის დახვეწას ავალდებულებს.