საიდუმლო ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში მაღალი სასულიერო იერარქიის პირებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ სუს-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მესამე სამსახურის ოპერატიული თანამშრომლები. სუსი უსმენდა და აკონტროლებდა ყველას - სინოდის მღვდელმთავრებს, მონაზვნებს, სტიქაროსნებს, მორჩილებს, ყოფილ მორჩილებს, საპატრიარქოს ადმინისტრაციას და მათთან შემხებლობაში მყოფ რიგით მოქალაქეებს.
შაბათის ფორმულამ დეტალურად შეისწავლა იმ პირების ვინაობა და საქმიანობა, რომლებიც 24 საათი უსმენდნენ სასულიერო პირებს. საუბარია დაახლოებით 60 ათასამდე საიდუმლო ფაილზე. დოკუმენტში სახელწოდებით ფუნქციონალური მოვალეობები დეტალურად არის გაშიფრული უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მესამე სამსახურის თანამშრომლების სამოქმედო გეგმა. ცნობილია მათია ვინაობა, მორიგეობის ცხრილი, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციები და დოსიეები მღვდელმთავრებზე. ამ მოსმენებს 15-მდე ოპერატიულ თანამშრომელი აწარმოებდა - გიორგი ოქრიაშვილი, გიორგი ჩიხლაძე, შორენა შელია, ბადრი დიხამინჯია, ხათუნა ჭინჭარაული, გიორგი გოგოლაძე, დავით ლობჟანიძე, ნიკოლოზ კალაძე, არჩილ ჩაგანავა, დავით მესხიშვილი, დავით ბიჩინაშვილი, შალვა ბატიაშვილი, ლექსო ქარჩაიძე და ლევან ხუხუა.
სამუშაოს გამარტივების მიზნით კი, განაწილებული ჰქონდათ სფეროები. მაგალითად, მესამე სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი ბადრი დიხამინჯიას არაკონტროლირებად ტერიტორიებზე სასულიერო პირების კავშირების და ინტერესების გამოვლენა და შესწავლა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილე სასულიერო პირების და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან მათი კავშირის დადგენა ევალებოდა. დიხამინჯიას შინ მივაკითხეთ. თუმცა, გვითხრეს, რომ საცხოვრებელი შეიცვალა.
ამავე სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომლის, მაიორ შორენა შელიას მოვალეობას რელიგიურ ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების შესწავლა, ექსტრემისტულად და სეპარატისტულად განწყობილი პირების დადგენა და კონტროლი წარმოადგენდა. ფარულად უსმენდა ახალქალაქის და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, ბერ-მონაზონ ტარიელ გვილავას, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს, ახალციხის ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს, ფოკის დედათა მონასტრის მონაზონ ელისაბედს.
ანალოგიური მოვალეობებით შემოიფარგლებოდა სუს-ის კიდევ ერთი უფროსი ოპერატიული თანამშრომელი ხათუნა ჭინჭარაული. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ის ამავდროულად ვაკის გამგეობის, ვაჟა-ფშაველას კვარტლების უბნის სამსახურის უფროსია.
საპატრიარქოში რუსულ გავლენებზე და პრორუსული ორიენტაციის მღვდელმთავრებზე ინფორმაციებს იძიებდა ოპერატიული თანამშრომელი ზურაბ შახაძე. ფაილებში არსებული ცნობის მიხედვით უსმენდა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, საპატრიარქოს ფონდის მმართველი საბჭოს წევრ გიორგი ანდრიაეს, პატრიარქის ყოფილ დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს, პატრიარქის ყოფილ პრესმდივანს მიქაელ ბოტკოველს, პატრიარქის პირად ექიმს ცისანა შარტავას და პატრიარქის მდივან რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს.
მესამე სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ჩაგანავა კურირებდა სამსახურში შესულ ყველა მიმართულებას. პარალელურად სწავლობდა და ცნობებს აგროვებდა საპატრიარქოსთან განხეთქილებაში მყოფ რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, უსმენდა საპატრიარქოს რეგიონალური მიმართულებით მომუშავე სასულიერო პირებს.
60 ათასამდე ფაილებში იძებნება დოკუმენტი სახელწოდებით ე.წ. ობიექტოვკები. მასში დაწვრილებით არის მოცემული სათვალთვალო ადრესატების ვინაობა, პირადი ტელეფონები, ელექტრონული ფოსტის მისამართები და გადაადგილების მარშრუტები.
ინტერნეტში გავრცელებულ სუსის საიდუმლო ფაილებიდან ირკვევა იმ აგენტების ვინაობაც, რომლებიც სუს-ის თანამშრომლებს დეტალურ ინფორმაცის აწვდიდნენ ეპისკოპოსების, მონაზვნების, დეკანოზების შესახებ. საიდუმლო დოკუმენტებში ასევე იძებნება ფაილები სახელწოდებით გამასპინძლება და თანხის გამოწერა. ეს განკუთვნილია სუს-ის ე.წ. ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი აგენტებისთვის, ფაილებში ინახება შესაბამისი პატაკებიც თანხის მოთხოვნის შესახებ.
უშუალოდ ვისი მეშვეობით გახდა ცნობილი სუს-ის თანამშრომლების შესახებ, ვინც მღვდელმთავრებს და სასულიერო პირებს უსმენდა, ამ დრომდე უცნობია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, საიდუმლო მასალები სუს-ის მესამე სამსახურის ოპერატიულმა თანამშრომელმა აკაკი ნემსაძემ გაიტანა, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან ერთი კვირა გავიდა, თუმცა, საგამოძიებო უწყებას მისი ავთენტურობა ჯერ არ დაუდასტურებია. გამოძიება 158-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სუს-ის ოპერატიულ თანამშრომლებს ვინც წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენდნენ კერძო საუბრებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.