logo
ENG



ვინ შეცვლის ანგელა მერკელს - ეპოქის დასასრულის არჩევნების შედეგები

27 სექ 202114:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/27/47zymtbsapi0x2c.jpg

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის ბლოკი სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან (SPD) მცირედი სხვაობით - 1.6%-ით მარცხდება. 

არჩევნების შედეგად, მეოცე მოწვევის პარლამენტი გერმანიის პირველი ქალი კანცლერის, ანგელა მერკელის შემცვლელს გამოავლენს. ანგელა მერკელი ქვეყნის სათავეში 2005 წლიდანაა და გუშინდელი არჩევნებით მისი 16-წლიანი მმართველობა სრულდება. ამ არჩევნებს ეპოქის დასასრულსაც უწოდებენ. შესაძლოა, პირველად მიიღონ სამპარტიული მმართველობაც.

თუ გერმანიის ახალი პარლამენტის დაკომპლექტება გაჭიანურდება, ანგელა მერკელი კანცლერის ოფისში 2021 წლის დეკემბრამდე დარჩება. ამ შემთხვევაში ის მმართველობის ხანგრძლივობით გაუსწრებს ჰელმუტ კოლს, რომელიც გერმანიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად იყო კანცლერი.

სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გერმანიის კანცლერობის კანდიდატი 63 წლის ოლაფ შოლცია, რომელიც ამ დროისთვის გერმანიის ვიცე-კანცლერია. შოლცი, რომელიც სავარაუდოდ ანგელა მერკელს შეცვლის, გერმანიის ვიცე-კანცლერის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. შოლცს გერმანიაში აღიარება კორონავირუსის პანდემიის პრაგმატულმა მართვამ მოუტანა. მან ბიზნესის გადასარჩენად საგანგებო თანხები გამოყო. თუმცა, ფინანსთა მინისტრობის პერიოდში მის სახელს ორი დიდი ფინანსური სკანდალიც უკავშირდება.

გამოცემა The economist-ის ცნობით, კანცლერობის შემთხვევაში შოლცი აპირებს მკაცრად შეზღუდოს გერმანიის მთავრობის ხარჯები. ასევე ის გერმანელებს პირდება, რომ დააწესებს სახელფასო მინიმუმს, ააშენებს მეტ სახლებს, იმისთვის რომ ნაკლები მოქალაქე იხდიდეს ქირის გადასახადს და გადადგამს ნაბიჯებს კლიმატის დასაცავად.

26 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილს სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს - 25.7%-ით. ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკი CDU-CSU 24.1%-ით მეორე ადგილზეა. ანგელა მერკელის ბლოკი ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალურ პარტიებს აერთიანებს.

მესამე ადგილს 14.8%-ით მწვანეთა პარტია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზე თავისუფალ-დემოკრატიული, ლიბერალური პარტიაა - ხმების 11.5%-ით. გერმანიის მემარცხენე პარტიამ კი საარჩევნო ბარიერი ჯერჯერობით ვერ გადალახა და ხმების 4.9%-ით რეიტინგით მეექვსეა.

რადგან არჩევნების შედეგებს შორის მცირე სხვაობაა, სავარაუდოა, რომ პირველ ადგილზე მყოფ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მთავრობის ფორმირებისთვის სხვა პარტიებთან მოუწევს კოალიციური გაერთიანება. ამ დრომდე გერმანიას მხოლოდ ორი პარტია მართავდა, ამიტომ თუ მთავრობას სამი პარტია დააკომპლექტებს, ეს პირველი შემთხვევა იქნება გერმანიის ისტორიაში.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ოლაფ შოლცმა არჩევნების წინასწარ შედეგებზე კომენტარი უკვე გააკეთა. შოლცის თქმით, მას უკვე აშკარა მანდატი აქვს, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. შოლცი ამბობს, რომ დროა მწვანეებთან და ლიბერალებთან ახალი კოალიცია შექმნას. თუმცა, არც კონსერვატიული პარტიის ლიდერი არმინ ლაშეტი აპირებს დანებებას.

26 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, თუმცა გერმანიის ქუჩებში სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. 


close დახურვა