სასტუმრო/რესტორან ვინოტელის მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი, რომელმაც გუშინ, 31 მარტს ვახშამზე რუს პროპაგანდისტ ვლადიმირ პოზნერსა და მის მეგობრებს უმასპინძლა, ამბობს, რომ "ცდილობენ, ნებისმიერი ადამიანი ღირსეულად მიიღონ და გააცილონ".
"ის პირველად არ ყოფილა, ადრეც იყო ჩვენთან სხვა სასტუმრო-რესტორანში და არ ყოფილა პრობლემა არასდროს. ჩვენი სფერო ტურიზმია და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოვა ჩვენთან, ვცდილობთ, ღირსეულად მივიღოთ და გავაცილოთ, ესაა შემოსავალი ყველა თანამშრომლისა და კომპანიისთვის - სულ ეს ამბავია", - ამბობს ქაშაკაშვილი ფორმულასთან.
ბენო ქაშაკიშვილი ქართული ოცნების ერთერთი შემომწირველი და 2016 წელს საარჩევნო სიის 53-ე ნომერია. 2019 წელს მან ტელეკომპანია კავკასიას ეთერში მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას თქვა - "იმდენივე რანაირად წაგვართვეს, გადმოწიეს ჰა-ჰა 500 მეტრი".
პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.
ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".