ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონ-ტიუბადელი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები ბოლომდე არ არის შესრულებული.
მისივე განცხადებით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს შეთანხმების ბოლომდე შესრულებას.
„ვალდებულებების ნაწილი, რომელიც მარტში იქნა აღებული შესრულებულია, მაგრამ შესრულებული არ არის ყველაფერი. ჩვენზე დამოკიდებულია, რომ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესის გაგრძელებას და შეთანხმება შესრულდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლარიზებული გარემო იზრდება და მზად ვართ დავეხმაროთ კოლეგებს დიალოგის და სხვა სახის ინსტრუმენტებით ევროპარლამენტის მხრიდან“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონ-ტიუბადელმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ შედგენილ ანგარიში განიხილეს, ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს რომ 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ასევე უმთავრესია გათავისუფლდეს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.