logo
ENG



ვიოლა ფონ კრამონი: შეძრწუნებული ვარ ციხეში სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით

11 ნოე 202123:04
3 წუთის საკითხავი
 
ვიოლა ფონ კრამონი: შეძრწუნებული ვარ ციხეში სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით

ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. 

მისი თქმით, ქართული ოცნება უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. 

"შეძრწუნებული ვარ საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. სავალალოა საქართველოს მთავრობის მიერ ამის ამსახველი ვიდეოების გავრცელება. საქმე სულ უფრო და უფრო პოლიტიკური ხდება. ქართული ოცნება უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს". - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერზე.

მისივე თქმით,  მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება და მიეცეს უფლება, დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. 

"საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრტიის უკუსვლა". - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანეს. 

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

ვიდეომასალის მიხედვით, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მიათრევს. 8 ნოემბერს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო საავადმყოფოში მიჰყავდათ. როცა ტყუილის შესახებ შეიტყო, ექსპრეზიდენტმა რუსთავის ციხეში დაბრუნება მოითხოვა და კლინიკაში შესვლაზე უარი განაცხადა. 

ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 42 დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსოლიუმი იზრუნებს. 


close დახურვა