კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საგანგებო ზომები მიიღეს იტალიაში. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საშიში ვირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა ყველა დაწესებულება მუშაობას წყვეტს. შეზღუდვა 25 მარტამდე იმოქმედებს.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 827-მდე გაიზარდა. მთლიანად მსოფლიოში დაავადებულთა რიცხვი კი 123 000-ს აღწევს.
სასწავლო პროცესი შეწყდა დანიაში. დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები. საგანგებო ზომები მიიღეს ესპანეთში. ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა ყველა სახელმწიფო მუზეუმი, მათ შორის პრადო და რეინა სოფია.
პირველი მსხვერპლის შესახებ ადასტურებს ინფორმაციას საბერძნეთის ხელისუფლება. ნიუ-იორკში გაეროს ერთ-ერთი ადმინისტრაციულ შენობაში ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. თამაშამდე რამდენიმე წუთით ადრე სეზონი გააუქმა NBA-მ. მიზეზი ერთ-ერთი მოთამაშისთვის კორონავირუსის დადგენა გახდა.
დაავადება დაუდასტურდათ მსახიობ ტომ ჰენკსს და მის მეუღლესაც. ავსტრალიური თოქ-შოუს რედაქციაში, სადაც მსახიობი ცოტა ხნის წინ იყო სტუმრად მიწვეული, კარანტინი გამოაცხადეს. ჩინეთში კი 24 საათის განმავლობაში დაავადების ყველაზე ცოტა - 15 შემთხვევა დადასტურდა.