logo
ENG



ვის ადანაშაულებენ მოქალაქეებისთვის პირადობების წართმევაში - დაპირისპირება ზუგდიდში

28 ოქტ 202123:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/28/45u79e4d1nu49ge.png

ზუგდიდში, ე.წ. დევნილთა დასახლებაში, ქართული ოცნების აქტივისტები ენმ-ს მხარდამჭერის, ინეზა ფარულავას სახლში მივიდნენ და მათ მოქალაქეების პირადობის მოწმობების მოპარვაში ადანაშაულებდნენ. ადგილზე იყო ქართული ოცნების კანდიდატი, თამაზ ფაცაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ენმ ცდილობს გააყალბოს არჩევნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების გამორთმევით.

ამასთან, ერთ-ერთი მოქალაქე თავად ადანაშაულებს ქართული ოცნების აქტივისტს, გიორგი ჯიქიას დაშინებაში.

"შემომივარდა და მაშინებდა გიორგი ჯიქია", - უთხრა მან ჟურნალისტებს ზუგდიდში. მანამდე, იგი ენმ-ს მხარდამჭერის, ინეზა ფარულავას სახლში იყო, სადაც, როგორც ენმ-ს ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი, ანი წითლიძე ყვება, დახმარებისთვის მივიდა. 

ნაციონალურ მოძრაობაში, ყვებიან, რომ ქართული ოცნება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ნარკოტიკული საშუალების სანაცვლოდ ართმევს. ანი წითლიძის თქმით, მოქალაქემ მათ დახმარებისთვის მიმართა, რომ ქართული ოცნების აქტივისტი, გიორგი ჯიქია მას და მის შვილს სთხოვდა პირადობის მოწმობას, წინააღმდეგ შემთხვევაში "პრობლემები შეექმნებოდათ". 

"მთელი დღის განმავლობაში გვქონდა ინფორმაცია, რომ აქ, 90-ე უბანზე, ქართული ოცნების აქტივისტი გიორგი ჯიქია, მთელი დღის განმავლობაში არიგებდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს და სთხოვდა პირადობის მოწმობებს. როდესაც მივიღეთ ეს ინფორმაცია, ვცდილობდით რომ ამ ადამიანის კვალს გავყოლოდით, როგორ არიგებდა ნარკოტიკს და ამის სანაცვლოდ, როგორ ართმევდა პირადობას. ეს ფაქტი უნდა მოგვეპოვებინა.

როდესაც ეს ადამიანი მივიდა ქალბატონთან, მის შვილს სთხოვა პირადობის მოწმობა და უარი მიიღო, ის დაემუქრა ამ ქალბატონს და მის შვილს, თუ არ მისცემდნენ პირადობას, ასეთ შემთხვევაში პრობლემა ექნებოდათ. ეს ქალბატოპნი ტირილით მოვიდა ჩვენს მხარდამჭერ ინეზა ფარულავასთან, სთხოვა დახმარება. როგორც კი მათ დარეკეს ჩემთან, რომ იყო ასეთი სიტუაცია, ზუსტად 5 წუთში შემოვარდა გიორგი ჯიქია ვირაც ადამიანებთან ერთად და მოაწყო სპექტაკლი, რომ მათ ექნებოდათ პრობლემები, რადგან ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს ჩვენ და ქალბატონსაც და მის შვილსაც დაიჭერდნენ", - ყვება ანი წითლიძე. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქართული ოცნების აქტივისტი გიორგი ჯიქია, ენმ-ს კოორდინატორი ინეზა ფარულავა და მოქალაქე, რომელიც ყვება დაშინებაზე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

 

 


close დახურვა