logo
ENG



ვისურვებდი სააღდგომო ეპისტოლეში ყოფილიყო გზავნილი სიცოცხლის გაფრთხილებაზე - თეოლოგები

19 აპრ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს თეოლოგები აფასებენ.

მათი მოსაზრებები და შეფასებები განსხვავებულია, ნაწილისთვის ეპისტოლეს შინაარსი გაუგებარია, ნაწილი კი მასში საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას ხედავს. 

თეოლოგი გოჩა ბარნოვი "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ პატრიარქის ეპისტოლე უნდა იყოს უფრო მოკლე, რათა მოქალაქეებისთვის მისი მოსმენა დამღლელი არ აღმოჩნდეს. აგრეთვე იგი მიიჩნევს, რომ სააღდგომო ეპისტოლე უნდა ეხებოდეს არა ზოგად საკითხებს, არამედ კონკრეტულად აღდგომას. 

"კორონავირუსი ნამდვილად არ არის რწმენის გამოცდისთვის. კორონავირუსი არის ჩვეულებრივი ინფექციური დაავადების გავრცელება, ამიტომ ეს განსაცდელია. ჩვენ ამ განსაცდელს თავი უნდა ავარიდოთ. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გამოგვივა ის, რომ გავხდებით არა ქრისტეს მოწამეები, არამედ კორონას მოწამეები, რაც სასაცილო იქნება. ჩვენთან არის მრავალგვერდიანი ეპისტოლეები, რაც დამღლელია ადამიანებისთვის და ის არც უსმენს ამ ეპისტოლეს. უამრავ თემას ეხებიან ამ ეპისტოლეში. წინა ეპისტოლეებისგან განსხვავებით, უფრო კონცენტრირებულია ზიარების საიდუმლოზე, რაც ყველასთვის ისედაც ცნობილია. სააღდგომო ეპისტოლე უნდა ეხებოდეს აღდგომას, აღდგომის შესახებ გზავნილს", - აცხადებს გოჩა ბარნოვი.

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილის აზრით, სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღება უნდა გამახვილებულიყო სიცოცხლის გაფრთხილებაზე. ამასთან, გამრეკელაშვილი ფიქრობს, რომ პატრიარქის გუშინდელ ეპისტოლეში იკვეთებოდა პოზიცია, თითქოს კორონავირუსის პანდემია უკვე გადავლილი საკითხია და ის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

"ვისურვებდი, რომ სააღდგომო ეპისტოლეში ყოფილიყო გზავნილი სიცოცხლის გაფრთხილების შესახებ, მაგრამ ეს იქ არ არის. ეპისტოლედან ჩანს რამდენიმე აქცენტი. პირველი არის პატრიარქის თეოლოგიური ხაზი, რომ ყველაფერი არის უფლის ნება და ყველაფერი უნდა მივიღოთ გაუაზრებლად და გაუკრიტიკებლად. არაფერს არ უნდა შევეწინააღმდეგოთ. რწმენა არის მნიშვნელოვანი. მართალია,  ჩვენ არ უნდა გამოვცადოთ ღმერთი, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი რწმენა იდგეს ყველაფერზე მაღლა. ეს თეოლოგიურად, დაუსაბუთებლად არის წარმოდგენილი. პანდემია მას მიაჩნია გადავლილად. ანუ პატრიარქის წარმოდგენაში კორონავირუსი საფრთხე აღარ არის", - განაცხადა გამრეკელაშვილმა

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. გუშინ ქვეყნის მასშტაბით, ტაძრებში საააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. მოქალაქეები ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდნენ, ხოლო დაშლა დილის 06:00 საათის შემდეგ, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დაიწყეს. 

ამავე თემაზე

 


close დახურვა