logo
ENG



ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე: არის ასეთი გამონათქვამი - never say never

23 მაი 202314:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/23/yuz5har5egw7h0b.jpg

"ნურასდროს ნუ იტყვი ნურასდროს" - ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე დასმულ შეკითხვას.

პალიტრანიუსის ეთერში ყიფიანმა ამ თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე "მისი ფიქრები ფირმის წიაღში მიმდინარე გარიგებებითაა" დაკავებული, თუმცა ფიქრობს, რომ თუ ვინმე პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტს, ამას "უნდა მივესალმებოდეთ, როგორც სამოქალაქო გმირობას და გამბედაობას".

"ამ წუთში, როდესაც თქვენ მე ამ თემაზე გესაუბრებით, ჩემი ფიქრი გარდა იმისა, რომ თქვენ კითხვებს პასუხი გავცე, დაკავებულია ჩემი ფირმის წიაღში ორი მიმდინარე გარიგების დახურვით. ერთია ობლიგაციების ემისია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აწარმოებს და მეორეა ჰოლანდიის განვითარების ბანკი. ჩემი ფიქრი ახლა ამითაა მოცული. სიმართლე რომ გითხრათ, ვინც არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში შესვლის, ერთი, რომ ამას განსაკუთრებული ეპატაჟი არ უნდა უკავშირდებოდეს, მე თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ამაზე ძალიან მშვიდად ვიტყვი, მაგრამ გითხარით, დღეს ჩემი გონება რით არის დაკავებული და მეორე - როდესაც საქართველოში ირჩევენ მაღალი თანამდებობის პირს, ჩვენ კადრებს ვუყურებთ ხოლმე ზღვა მილოცვებისა და აღფრთოვანების. სიმართლე გითხრათ, დღეს რომ საქართველოს რეალობაში შენს თავზე აიღო პოლიტიკური ტვირთი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს უფრო თანაგრძნობას იწვევს, ვიდრე აღტყინებას და სიხარულს, ეს იმოდენა ტვირთია. [...]

ძაფი რომ არ გაგვექცეს, თქვენ კითხვაზე პასუხისა, არის ასეთი გამონათქვამი ინგლისური never say never - ნურასდროს ნუ იტყვი ნურასდროს. ჩვენ ზომაზე მეტად ნუ დავწვრილმანდებით ჩვენს პასუხში და ჭარბ მოკრძალებასაც ნუ გამოვიჩენთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ჩვენ უნდა მივესალმებოდეთ, როგორც მის სამოქალაქო გმირობას და გამბედაობას, საკუთარ მხრებზე აიღოს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა"- თქვა ყიფიანმა.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის პოლიტიკაში სავარაუდო მოსვლაზე ინფორმაცია შაბათის ფორმულამ 25 მარტს გაავრცელა.

შაბათის ფორმულას ცნობით, ვიქტორ ყიფიანი, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს.

მაშინ ყიფიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, ჩაანაცვლებს თუ არა ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, უარყოფითად უპასუხა.

"რადგან ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია, გეცოდინებათ როდის და სად გამოვცხადდე, იქნებ ესეც მიკარნახოთ. ვცდილობ იუმორით გიპასუხოთ, ვინაიდან შეკითხვა არის საფუძველს მოკლებული", - თქვა მან.

 


close დახურვა