logo
ENG



ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტის გამოხატვისთვის მოქალაქე 1000 ლარით დააჯარიმეს

09 სექ 202416:58
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქე ლექსო სამხარაძე, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 1000 ლარით დააჯარიმეს.

28 მაისს კანონის მხარდაჭერის გამო სამხარაძემ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მონა უწოდა, რის შემდეგადაც ჯაფარიძემ მას ფორთოხლები ესროლა.

"სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი და ვიცოდი, რომ აუცილებლად დამსჯიდა სახელმწიფო. ის ფაქტი, რომ თითქოს მე ასე უაზროდ დავიწყე მათი მიმართულებით გინება, სიცრუეა. მე მხოლოდ ვავრცელებდი პოლიტიკურ მესიჯებს და იმ წერტილიდან იწყება ჩემი მათდამი გინება, როდესაც გურამ მაჭარაშვილი მანქანის მეორე მხრიდან ფანჯარას წევს და მაგინებს (ვიდეოში არ ჩანს). ამას მოჰყვა ჩემი მხრიდან საპასუხო გინება, რაზეც ვიქტორ ჯაფარიძე გადმოვიდა და ფორთოხალი ისროლა. მე შემდგომ უკვე დავცინოდი იმიტომ, რომ ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია და ვაგრძელებდი მათ გინებას.

გაბრაზებული ვიყავი რუსული კანონის მიღების გამო. შერჩევითი სამართალი გვაქვს სახეზე, აგერ მოქალაქე ვისჯები და მეორე მხრიდან იმ კანონის მიმღები, რომელმაც ჯერ ანტისახელმწიფოებრივი კანონი მიიღო და შემდეგ მოქალაქეს აგინა, ის დეპუტატი არ ისჯება"- თქვა სამხარაძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამხარაძემ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი - წვრილმანი ხულიგნობა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.


close დახურვა