logo
ENG



ვიცე-კანცლერი: გერმანიამ რუსული გაზისგან თავის დასაღწევად არარეალური უნდა სცადოს

28 აპრ 202214:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/l3fs2woo9d20a6f.jpg

გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიზანი უნდა იყოს რუსული ენერგომომარაგებისგან დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

ჰაბეკი ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მიერ პოლონეთისთვისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გერმანიის დამოკიდებულება რუსულ გაზზე, ბოლო კვირებში, სწრაფად შემცირდება.

“გერმანიამ გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა 35%-მდე შეამცირა, ომის დაწყებამდე 55% იყო“, - განაცხადა ჰაბეკმა.

მიუხედავად გერმანიის მთავრობის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებებისა, რომ მომავალ წლამდე რუსული გაზის სრულად აკრძალვა “არარეალურია“, ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინმა ახლა “არარეალური უნდა სცადოს“.

ჰაბეკმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა, დააჩქაროს თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა და ეს 10 თვის განმავლობაში მოახერხოს.

“რუსეთი სერიოზულადაა მზად შეაჩეროს გაზის მიწოდება. ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, ეს ეხება ევროპის სხვა ქვეყნებსაც“, - თქვა ჰაბეკმა.

27 აპრილიდან რუსულმა სამთავრობო კორპორაცია გაზპრომმა პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. მიზეზი პოლონური სამთავრობო კომპანიის, PGNiG-ის გადაწყვეტილება გახდა, არ გადაიხადოს გაზის საფასური რუბლებში. 

ბულგარეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთისა და გაზპრომის მიმართ სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან მას შემდეგ, რაც მათ გაზის მიწოდება შეუწყვიტეს.


close დახურვა