logo
ENG



ვოლსკი: თუ ადამიანს შეუძლია აბონემენტი იყიდოს, მისთვის ტრანსპორტით მგზავრობა შეღავათია

23 დეკ 202114:36
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი: თუ ადამიანს შეუძლია აბონემენტი იყიდოს, მისთვის ტრანსპორტით მგზავრობა შეღავათია

ქართული ოცნების დეპუტატი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის გაძვირებაზე ამბობს, რომ ბიუჯეტი გაიზრდება მათ ხარჯზე, ვინც ტრანსპორტით იშვიათად სარგებლობს. ასევე, ვოლსკის თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვისაც გააჩნია შესაძლებლობა იყიდოს  აბონემენტი ტრანსპორტით სარგებლობა შეღავათი იქნება.

"რასაკვირველია შემოსავალი, რომელსაც სატრანსპორტო ხაზით მიიღებს ბიუჯეტი, იზრდება, მაგრამ იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც იშვიათად სარგებლობს ტრანსპორტით, ეგ ერთი.

მეორე, საგანგებო მნიშვნელობის დადებითი პოზიტიური ასპექტი არის ის, რომ სამარშუტო ტაქსები მთლიანად ჩაერთო ამ შეღავათიან ტარიფში, რომელსაც ერთი ტრანსპორტის გამოცვლა, თუნდაც მეორე, მესამე ტრანსპორტის, მოკლე ვადაში თუ ერთი კვირის პერსპექტივაში არის საერთოდ უფასო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უშველებელი რაოდენობა ადამიანებისა სარგებლობს უფასო ან მინიმალური გადასახადით ტრანსპორტისათვის და ორგანიზება მნიშვნელოვნად იზრდება, ჩვენი ქალაქისათვის, აქ ვფიქრობ დაფიქრება გვმართებს და პოლიტიკური ასპექტებიდან ამ საკითხის გამოყვანა.

მთლიანობაში რომ ავიღოთ, თუ კი ადამიანს გააჩნია შესაძლებლობა, რომ აბონემენტი იყიდოს, რასაკვირველია მისთვის, საგანგებო, ძალიან დიდი შეღავათია ტრანსპორტით მოგზაურობა მითუმეტეს, უფრო დიდი კომფორტით ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი." - ამბობს გია ვოლსკი

პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება. მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც.

ასევე, ავტობუსით ერთჯერადად მგზავრობისთვის, ბარათის არქონის შემთხვევაში, მგზავრმა ნაღდი ფულის სახით, ასევე 1 ლარი უნდა გადაიხადოს.

სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.

შეღავათიან ფასებში, 20 თეთრად იმგზავრებენ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და თანამშრომლები, პენსიონრები, თბილისის პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, პედიატრები და ოჯახის ექიმები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებ. ასევე, 10 თეთრად იმგზავრებენ სოციალურად დაუცველები. 


close დახურვა