პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, მოარულ ხმებზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ ვიღაცას პირადი ცხოვრების კადრებით ემუქრებიან, არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაჩვენებელია.
გია ვოლსკის თქმით, თუკი ვინმე რესურსს ხარჯავს, რომ არჩევნები ევროპული სტანდარტებით ჩატარდეს, ეს მმართველი პარტიაა:
"მართალი გითხრათ, ანგარიშს მთლიანად არ გავცნობივარ, მაგრამ მოარული ხმების მიხედვით იმის თქმა, რომ ვიღაცამ განაცხადა, რომ ვიღაცისგან ინფორმაცია მიიღო, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თითქოსდა გამოქვეყნებით ვიღაცას ემუქრებიან, არის არაკომპეტენტურობის და პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაჩვენებელი.
თუ ვინმე დღეს ცდილობს და რესურსს ხარჯავს, რომ არჩევნები ჩატარდეს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, უმაღლეს დონეზე, ეს არის ხელისუფლება და ქართული ოცნების გუნდი.
აქედან გამომდინარე თავდასხმები ოპოზიციაზე იქნება, თუ ოპოზიციის მხრიდან უმრავლესობის წარმომადგენლებზე და პარტიათა შეჯახება, ისეთ სფეროში, რომელიც ჯანსაღი დებატების სფეროს არ წარმოადგენს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევებს ქალი პოლიტიკოსების მიმართ.
ISFED- ის პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალი ოპოზიციონერების მიმართ ამგვარი შანტაჟის შემთხვევათა გამოძიება და დამნაშავეთა ადეკვატურად დასჯა საგამოძიებო ორგანოთა პრიორიტეტი უნდა იყოს, "წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდაჭერის განცხადებები ფორმალურ, უშინაარსო ლოზუნგებად დარჩება".
სამართლიანი არჩევნების დღეს გამოქვეყნებული IV შუალედური ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ.