logo
ENG



ვოლსკი: მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი მხარდამჭერების პოზიციით მივდივართ

03 დეკ 202021:02
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი: მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენი მხარდამჭერების პოზიციით მივდივართ

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან მხარდამჭერების პოზიციის გათვალისწინებით მიდის.

როგორც ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, "წითელ ხაზებს" არ გადაკვეთენ და არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მათი მხარდამჭერების აღელვებას გამოიწვევს.

"როდესაც საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს, მოლაპარაკების მაგიდასთან რა პროცესები განვითარდება ამის წინასწარ გათვლა შეუძლებელია, მაგრამ მე გეუბნებით სად არის წითელი ხაზი. მე თუ რაღაცაზე დავთანხმდები ისეთზე, რომელიც გახდება ჩემი მხარდამჭერების აღელვების მიზეზი, ესეთი სტაბილურობა არ დადგება ამ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე მე ჩემი პოზიციით არ მივდივარ, ჩვენ მივდივართ ჩვენი მხარდამჭერების პოზიციით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.


close დახურვა