logo
ENG



ვოლსკი: პროკურატურამ საზოგადოებისთვის უნდა იმუშაოს, ამას შოთაძე უზრუნველყოფს

18 თებ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 
nmv49llws7go25d.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ გეენრალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დამტკიცების თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზოგადად, პროკურატურა რთული სფეროა.

ვოლსკის თქმით, პროკურატურამ საზოგადოების ინტერესებს უნდა უპასუხოს და ამას ახალი მთავარი პროკურორი უზრუნველყოფს.

„ვფიქრობ, შოთაძე საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. თუ არა და, აგერ ვართ ჩვენ და შევაფასებთ. პროკურატურა ურთულესი სფეროა. ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს ბუკვალურად თავსებადი, რაც უამრავ ხალხს გააჩნია. რეალობაში, მთავარი თემაა, რომ პროკურატურამ საზოგადოებისთვის უნდა იმუშაოს, ამას უზრუნველყოფს გენერალური პროკურორი, რომელსაც დღეს დავამტკიცებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

ამ წუთებში კი პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიტიკოსები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები არიან მობილიზებული - ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ და შენობის პიკეტირებას ახორციელებენ. ამ ფორმით ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყეს და პარლამენტს სიმბოლურად წრე დაარტყეს.  

აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერმა გიორგი გახარიამაც და განაცხადა, რომ ის პროფესიონალი კადრია.


close დახურვა