ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი კარტორაფების საქმეზე კომენტარისას მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ, შესაძლოა, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ ამ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ და შესაძლოა, მათ განსასჯელის სკამიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ. ეს არის სამწუხარო ამბავი და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებითვე, არავის აქვს უფლება, მათ შორის არც პროკურატურას, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით საკითხის განხილვა და შესწავლა გადადონ, განსაკუთრებით, თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაა.
"პირველად ვხედავ ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს.
ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება სწორედ გამოწვეულია იმისაგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია. სახელმწიფო უნდა იცავდეს თავის თავს და უნდა იცავდეს საკუთარ ინტერესებს და არა კონკრეტული რომელიმე ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს", - ამბობს ვოლსკი.
დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ.
დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".
საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიცია და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.