პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად კიბერთავდასხმა რუსეთთან დაკავშირებული მოვლენების, მათ მიერ გაჟღერებული ბრალდებების და საქართველოს ხელისუფლების ხისტი პასუხების გამოძახილია.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს სპეცსამსახურებმა პროფესიონალურად იმუშავეს და შემოტევა მოიგერიეს:
"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილი: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს. მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია რომელიღაც საიტზე, მნიშვნელოვანწილად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, ინფორმაცია, რომელიც ინახება - ადამიანების პირადი მონაცემები, არის ხელშეუხებელი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისაგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია”, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო. უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ასევე ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა.