logo
ENG



ვოლსკი კუბილიუსის განცხადებაზე: არაპროფესიონალიზმის აპოგეაა და მავნებლობა

29 მარ 202116:25
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი კუბილიუსის განცხადებაზე: არაპროფესიონალიზმის აპოგეაა და მავნებლობა

გია ვოლსკი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას მოლაპარაკებების პროცესში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ჩართვის შესახებ არაპროფესიონალიზმის აპოგეას უწოდებს.

როგორც ქართული ოცნების წევრმა განაცხადა, ანდრიუს კუბილიუსმა რიტორიკა მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შემდეგ შეცვალა და მისი ახლანდელი პოზიცია მავნებლობაა.

„მახსოვს, იყო მოწოდებები, რომ ლიდერები ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან უნდა გაეცალონ პოლიტიკურ ასპარეზს. რასაკვირველია, ამაზე ჩვენი მოსაზრება გვქონდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ იდიოტია ყველა, ვინც პოლიტიკური პროცესებიდან მის გაწევას ცდილობს ან მოუწოდებს. ეტყობა, კუბილიუსმაც შეცვალა ამის შემდეგ თავისი რიტორიკა. ამასთან დაკავშირებით მისი განცხადებები ერთის მხრივ არის არაპროფესიონალიზმის აპოგეა, მეორე მხრივ არის მავნებლობა, რამაც შეიძლება განაპირობოს ერთადერთი მიზანი - ტოლობის ნიშნის დასმა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის და დანაშაულებების უგულებელყოფა, რომლებიც ჩადენილ იქნა რეალობაში", - აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერმინისტრიც - ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარის განცხადება შეურაცხმყოფელი იყო. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი, "კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ".

ზურაბიანის კითხვას - გულისხმობს თუ არა ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს, კუბილიუსმა ასე უპასუხა: "დიახ, ეს გახლავთ რეალური ლიდერები, ორივე პოლიტიკური პარტიის".


close დახურვა