logo
ENG



ვოლსკი შეწყალებაზე: პრეზიდენტი კვლავ უსამართლო პოზიციით გამოდის, გაწბილება სერიოზულია

22 ივნ 202323:37
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი შეწყალებაზე: პრეზიდენტი კვლავ უსამართლო პოზიციით გამოდის, გაწბილება სერიოზულია

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან "უსამართლო პოზიციად" აფასებს და ამბობს, რომ საზოგადოება "გაწბილებულია".

ამის შესახებ ვოლსკიმ რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა. ის ქართული ოცნების პირველი წარმომადგენელია, ვინც გვარამიას შეწყალების შესახებ კომენტარი გააკეთა.

ვოლსკის აზრით, რჩება შთაბეჭდილება, რომ შეთანხმებული იყო, რომ ევროკომისია შუალედურ მოხსენებაში საქართველოში მედიაგარემოს "ცუდად შეაფასებდა" და შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებდა.

ვოლსკის აზრით ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება "რაღაც კონსპირაციულ, საკმაოდ არასასიამოვნო ნალექს ტოვებს".

ოცნების დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ "ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა" და მის პატიმრობას "არავითარი კავშირი მედიათავისუფლებასთან, მედიაგარემოსთან".

"განცდა დაეუფლა საზოგადოებას, რომ უსამართლობა ჩვეულებრივი ამბავია თუკი რაიმე გადაწყვეტილება არის დამოკიდებული პრეზიდენტ ზურაბიშვილზე. და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უსამართლო პოზიციით გამოდის იგი და გაწბილება საკმაოდ სერიოზულია. მე ვფიქრობ, რომ განცხადების არ გაკეთებაც გარკვეული დამოკიდებულების მაჩვენებელია საზოგადოების მიმართ, ვინაიდან დანაშაული ძალიან თვალხილული იყო. დანაშაული საკმაოდ დიდია, საკმაოდ მძიმეა დანაშაული და ამაზეც არ ინება საუბარი, რომ რაღაცით გაემართლებინა თავისი გადაწყვეტილება - ან ევრორეკომენდაციით ან გარკვეული შენიშვნების გამო, რაც აი ამ შუალედურ ანგარიშში გავიგონეთ. რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თითქოს, შეთანხმებულიც იყო, მედიაგარემოზე უნდა ეთქვათ ცუდი შეფასება უნდა გამოეცხადებინათ და აი ამ შუალედურ შეფასებაში ევროკავშირს და შემდეგ ამას [ზურაბიშვილს] უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება - რაღაც კონსპირაციულ, საკმაოდ არასასიამოვნო ნალექს ტოვებს ეს გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანაშაული ძალიან დიდია ჩადენილი და არავითარი კავშირი მედიათავისუფლებასთან მედიაგარემოსთან იმ დანაშაულს არ გააჩნია, პირიქით, მედიის გამოყენებით მოხდა საკმაოდ სერიოზული დანაშაულის ჩადენა" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 22 ივნისს შეიწყალა


close დახურვა