პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონის მის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება "საკმაოდ საფრთხილო და ძალიან დიდი დარტყმის" მიმყენებელი იქნება.
როგორც ის აღნიშნავს, რუსეთისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა "საკმაოდ მძიმე" იქნება.
"რუსეთის ფედერაციისთვისაც საკმაოდ მძიმე იქნება კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა საერთაშორისო სამართლის ასეთი დონის დარღვევისათვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შიგნით რუსეთში, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აქვს იმ გადაწყვეტილების მიმართ, რასაც რუსეთის ხელისუფლება იღებს.
ამის გარდა, არსებობს საერთაშორისო საკმაოდ მძლავრი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს პრაგმატული პოლიტიკის მიუხედავად, როგორც ზოგიერთი ამას ასახელებს, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს იმისათვის, რათა რუსეთმა ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს.
აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის საკმაოდ საფრთხილო იქნება და ძალიან დიდი დარტყმის მიმყენებელი კიდევ ერთი ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რასაც მას ბიბილოვი სთავაზობს", - ამბობს ვოლსკი.
30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.
გარდა ამისა, ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს.