logo
ENG



ვუდვარდი: 2021 წლიდან მოყოლებული ტრამპსა და პუტინს შორის 7 სატელეფონო საუბარი შედგა

09 ოქტ 202418:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/09/kfjtvr7q06w9uix.jpg

The Washington Post ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტის, ბობ ვუდვარდის ახალ წიგნზე (ომი) დაყრდნობით წერს, რომ 2021 წლის შემდეგ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით 7-ჯერ ესაუბრა და ამასთან, Covid პანდემიის დასაწყისში მას კოვიდის ტესტები გაუგზავნა.

ვუდვარდის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს ვირუსის ეშინოდა, ხოლო კოვიდის ამომცნობ ტესტებზე იმ დროს გლობალური დეფიციტი იყო. როგორც ცნობილია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამბავი საიდუმლოდ შეენახათ, რადგან პუტინს ტრამპისთვის პოლიტიკური ზიანის მიყენება არ სურდა. 

"არ მინდა ვინმეს ვუთხრათ, რადგან ხალხი შენზე გაბრაზდება და არა ჩემზე", - ვუდვარდის ცნობით, უთხრა პუტინმა ტრამპს.

წიგნის მიხედვით, ტრამპსა და პუტინს შორის ურთიერთობა ამერიკელი პოლიტიკოსის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდა. ვუდვარდის წყაროს ცნობით, 2021 წლიდან მოყოლებული ტრამპსა და პუტინს შორის 7 სატელეფონო საუბარი შედგა. 

წიგნში არ არის ნათქვამი, კონკრეტულად რა განიხილეს მხარეებმა, თუმცა, ცნობილია, რომ პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი მიმდინარე წელსაც შედგა. 

ტრამპის შტაბმა ინფორმაცია უარყო და ვუდვარდს გიჟი მოხუცი უწოდა.

"ვუდვორდი გიჟი მოხუცია და აშკარად ნაწყენია, რადგან პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით უჩივის მას ადრე გაკეთებული ჩანაწერების არასანქცირებული გამოქვეყნების გამო. ტრამპსა და პუტინს შორის მსგავსი სახის კონტაქტი არ ყოფილა", - განაცხადა ტრამპის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა.

წარსულში ვუდვარდმა კოლეგა, კარლ ბერნშტეინთან ერთად უოტერგეიტის სკანდალი გამოძია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ახალი წიგნი გაყიდვაში 15 ოქტომბრიდან ჩაეშვება.

Washington Post-ის ცნობით, წიგნი ტრამპის მიერ გასული ოთხი წლის საგარეო კონფლიქტებსა და აშშ-ის პოლიტიკურ გარემოს მიმოიხილავს. "ომი" ტრამპისა და ჯო ბაიდენის პერსონალური პოლიტიკური დაპირისპირების ისტორიასაც ყვება.


close დახურვა