სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავისი ძალისხმევა სერბების გადაბირებაზე, უკრაინაში გასამხედროებული დაჯგუფების, ვაგნერის გვერდით იბრძოლონ.
როგორც Reuters წერს, ვუჩიჩმა გააკრიტიკა რუსული ვებგვერდები და სოცქსელების ჯგუფები სერბულ ენაზე რეკლამების გამოქვეყნების გამო, რომლებშიც ვაგნერის ჯგუფი მოხალისეებს მოუწოდებს მის რიგებს შეუერთდნენ.
"რატომ ურეკავთ ვაგნერიდან ვინმეს სერბეთში, როდესაც იცით, რომ ეს ჩვენს კანონებს ეწინააღმდეგება?" - ამის შესახებ მან ტელეკომპანია Happy TV-ში განაცხადა.
ცნობილია, რომ სერბი მოხალისეები უკრაინაში პრორუსული ძალების მხარეს 2014-2015 წლებში იბრძოდნენ. ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ დამკვირვებლები ამბობენ, რომ უკრაინაში საბრძოლველად ათობით სერბი გაემგზავრა.
სერბეთის კანონმდებლობა უკრძალავს საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ კონფლიქტებში მონაწილეობას, ამის გამო რამდენიმე ადამიანი გაასამართლეს კიდეც.
ვუჩიჩმა უარყო ბრალდებები, რომ ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც პუტინის ახლო მოკავშირე ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს, იმყოფება სერბეთში, სადაც პროკრემლისტური და ულტრანაციონალისტური ორგანიზაციები მხარს უჭერენ უკრაინაში შეჭრას.
სამშაბათს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო RIA-მ გაავრცელა სატელევიზიო კადრები, სადაც ორი ნიღბიანი კაცი იდენტიფიცირებული იყო, როგორც სერბი მოხალისე, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილებში იარაღის მომზადების კურსზე იმყოფებოდა.
სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა ასევე მოუწოდა სერბებს, რომ თავი შეიკავონ მოხალისეობისგან.
"ეს გამოიწვევს სამართლებრივ შედეგებს", - თქვა ვუჩევიჩმა.
მიუხედავად იმისა, რომ გაეროსა და რამდენიმე სხვა საერთაშორისო ფორუმზე სერბეთმა არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ბელგრადმა ასევე უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
სერბეთი მთლიანად დამოკიდებული რუსეთიდან გაზის იმპორტზე, ნავთობის კომპანია NIS კი რუსულ Gazprom-ს ეკუთვნის.