ჩინეთში ვუჰანში COVID 19-ის გავრცელების გაშუქების გამო მოქალაქე ჟურნალისტი 4 წლით დააპატიმრეს.
ჟანგ ჟანი უთანხმოებისა და პრობლემების პროვოცირებაში სცნეს დამნაშავედ.
37 წლის ყოფილი იურისტი ქალი მაისში დააკავეს. ის პროტესტის ნიშნად უკვე მრავალი კვირაა, შიმშილობს. ადვოკატის თქმით, ჟანგ ჟანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ჟანი ერთ-ერთია იმ მრავალი მოქალაქე ჟურნალისტიდან, რომელიც იმავე ბრალდებით ვუჰანში მიმდინარე ამბების გაშუქების გამო დააკავეს.
ჩინეთში არ არსებობს თავისუფალი მედია. ხელისუფლების წარმომადგენლები თავს ესხმიან აქტივისტებს და მთავრობის შეცდომების მამხილებლებს.
ჟანგ ჟანი ვუჰანში თებერვალში ჩავიდა, რათა იქ არსებული მდგომარეობა გაეშუქებინა. ჰქონდა ლაივ ვიდეოები და რეპორტაჟები, რომელიც ინტერნეტში ათასობით ადამიანმა ნახა, რამაც, თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლების ყურადღება მიიქცია.
ჩინეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის რეპორტაჟები სხვა ჟურნალისტების დაკავებას და მათი ოჯახების შევიწროებას ეხებოდა.
ჟანგ ჟანი ვუჰანიდან 14 მაისს გაუჩინარდა. ერთი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ის 400 მილის მოშორებით, შანხაის პოლიციაში, დაკავებული იმყოფებოდა.
მას ბრალი ოფიციალურად ნოემბრის დასაწყიში წარუდგინეს. ბრალდების მიხედვით, ჟურნალისტმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ტექსტის და ვიდროს სახით ვი ჩათის, ტვიტერის და იუთუბის საშუალებით. ის ასევე ბრალდებულია ინტერვიუების ჩაწერისთვის უცხოური მედიისთვის და ვუჰანში ვირუსის შესახებ მავნებლური ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ახალი კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში თავდაპირველად სწორედ ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გამოჩნდა. თავდაპირველად ჩინეთი ვირუსის შესახებ ინფორმაციას მალავდა, თუმცა, მალე ეს შეუძლებელი გახდა. COVID 19 მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად იქცა.