გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, ხომასურიძეს ბრალი, მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენებისთვის წარედგინა.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულ ზ.ხ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, მისი მამა, თამაზ ხომასურიძე მოწმეებს - გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე მირიან ნიკოლაძეს დაემუქრა.
"მან სატელევიზიო სივრცეში უკანონო შეიარაღებული ფორმირების - "თეთრი ისარის“ (იგივე "ინკვიზიტორების“) სახელით გააკეთა მირიან ნიკოლაძის და გურამ ამირხანაშვილის ლიკვიდაციის შესახებ მუქარის შემცველი განცხადებები. ასევე, მის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ შეიცავდა გურამ ამირხანაშვილის და იაკობ ბრეგვაძის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, როგორც თავისი, ისე ე.წ. თეთრი ისარის ფეისბუქ პროფილის საშუალებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს სისტემატიურად უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის შემცველ მუქარის და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს". -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში თამაზ ხომასურიძეს 3-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, ხომასურიძე წარსულში 260-ე, ოჯახში ძალადობის მუხლით არის ნასამართლევი.