logo
ENG



ზაალ უდუმაშვილი: რაც ნაკლებად გამოაჩენს ქართული ოცნება ზურაბიშვილს, მით უკეთესი იქნება

24 ნოე 201912:51
3 წუთის საკითხავი
 
fi4ryg93hlbgosz.jpg

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას ხელისუფლების თამაშს უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ ისინი არ გადაუხვევენ გეგმას, რომლის მთავარი მიზანი ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებაა. ოპოზიციონერების თქმით, საეჭვოდ ემთხვევა ჯერ აკაკი ზოიძის შეთავაზება რეფერენდუმის ჩატარებაზე, ახლა კი პრეზიდენტის მოწოდება კონსულტაციების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე დროის გაწელვის მცდელობაა.

„ჩვენ მოვითხოვთ რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, შესაბამისად ამ გეგმას ჩვენ არ გადავუხვევთ, ვინც რა უნდა ილაპარაკოს. დაგვეხმარება ამაში პრეზიდენტი?  კი,  ბატონო. არ დაგვეხმარება? მაინც მივაღწევთ ჩვენსას. რა თქმა უნდა ისინი ცდილობენ რაღაცნაირად სახე შეინარჩუნონ, რადგან ხედავენ, რომ ძალიან მწარე განცხადებები იყო, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ისე ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რომ რაც ნაკლებად გამოაჩენენ სალომე ზურაბიშვილს საზოგადოებაში, მით უფრო უკეთესი იქნება.

„ეს ქალბატონი, როგორც ყოველთვის, არის სრულიად არაადეკვატური და მოწყვეტილი ამ ქვეყანას. ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის საკუთარი თავის დაცინვა. ის მოუწოდებს არა „ქართულ ოცნებას“, არა ბიძინა ივანიშვილს, რომ დააბრუნოს ქვეყანაში პროპორციული არჩევნები, არამედ ყველას მოუწოდებს, საპარლამენტო სივრცეში გადაიტანეთ ეს პროცესიო. ჩემი რჩევა იქნება „ქართული ოცნებისთვის“, რომ რაც ნაკლებად გამოჩნდება სალომე ზურაბიშვილი და რაც ნაკლებად მოახვევს თავის ბრძნულ აზრებს საქართველოს მოსახლეობას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ საამისო ადგილი პარლამენტია და გამოსავალიც სწორედ იქ უნდა მოინახოს. ზურაბიშვილის თქმით, შესაძლო შედეგმა ყველა ვერ დააკმაყოფილოს, თუმცა დაძაბულობის განმუხტვას აუცილებლად მიიჩნევს.


close დახურვა