logo
ENG



ზავრადაშვილი: პარტიული ინტერესებით შეპყრობილებისგან არ უნდა იყოს კონსილიუმი დაკომპლექტებული

18 ნოე 202115:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/18/mbawx2b31ln3a4h.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა საბჭო პარტიული წევრებით დაკომპლექტდა.

"ვერ ვენდობი კონსილიუმს, რომელსაც არ აქვს შესწავლილი სამედიცინო დაწესებულება რითია აღჭურვილი, ვინ არის მკურნალი ექიმი [...] სახალხო დამცველის ნათესავებით და პარტიული ინტერესებით შეპყრობილი ადამიანებისგან არ უნდა იყოს კონსილიუმი დაკომპლექტებული", - ამბობს ზავრადაშვილი TV პირველთან. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას გარკვეული პირობების საფუძველზე შეწყვეტს, ერთ-ერთი კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, სადაც რეაბილიტაციის გავლას სათანადოდ შეძლებს. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, პაციენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. 

სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. 

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. ექსპერტებმა შეისწავლეს დაწესებულება, მისი აღჭურვილობა და პეროსნალსაც გაესაუბრნენ. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.


close დახურვა