სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ზაზა გახელაძის გატაცების ადგილას საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი ოკუპანტების გატაცებულ თანამოქალაქეს მხარდაჭერას უცხადებენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები დაკავებულის გასათავისუფლებლად და გააძლიეროს ზეწოლა.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა გახელაძეს. პირველ რიგში, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას - სუს-ი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ასრულებენ საკუთარ ფუნქციას. ჩვენ ვერ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს საკითხი არის ჩახსნილი საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ამიტომაც არიან მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.
აქციაზე იმყოფება ვაჟა გაფრინდაშვილიც - როგორც ის აცხადებს, საზოგადოების ერთიანობა და პარტნიორი სახელმწიფოების ჩართულობა არის ის, რაც რუსეთს აიძულებს, გაათავისუფლებს დაკავებულები.
„აუცილებლად გამოიღებს ეს შედეგს - ჩემი გათავისუფლების მთავარი პოსტულატი იყო საზოგადოების აქტიურობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.