logo
ENG



ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლებასთან შეხვედრებს და აქციებს გეგმავს

28 აპრ 202114:22
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლებასთან შეხვედრებს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს გეგმავს. 

გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, ისინი მოქმედებაზე გადადიან - მოითხოვენ შეხვედრას პრეზიდენტთან, პრემიერსთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

ბუთხუზი ამბობს, რომ არ გამორიცხავს, ოჯახმა თავშესაფარი სხვა ქვეყანასაც სთხოვოს.

ასევე, მისი თქმით, განიხილავს თავშესაფრის თხოვნას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის.

გუშინ, 27 აპრილს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის რიგით 99-ე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

ზაზა გახელაძე, ისევე, როგორც გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი კვლავ უკანონოდ არიან დაპატიმრებულები. 

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა.


close დახურვა