საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მთავრობამ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე.
უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა თქვა, რომ სხვა ნებისმიერ საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით "ქართული მხარე პირნათლად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს".
სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა კი სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიის სამხედრო კონფლიქტში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან.
გუშინ, 2 ოქტომბერს განცხადება სომხეთის საელჩომაც გააკეთა და დეზინფორმაცია უწოდა ცნობებს, თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა გადააქვთ.
27 სექტემბრის შემდეგ, რაც ყარაბაღში ვითარება გამწვავდა და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდა, საქართველოს უსაფრთხოების საბჭო პირველად შეიკრიბა.
საბჭომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მიიღონ ყველა ზომა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის.