logo
ENG



ლილუაშვილი: სიცრუეა, თითქოს სირიელი მებრძოლები აზერბაიჯანში საქართველოს გავლით მიდიან

03 ოქტ 202013:17
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ უსაფუძვლოა ინფორმაცია, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიის სამხედრო კონფლიქტში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან. 

ლილუაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სოციალურ მედიაში ვრცელდება, ისევე როგორც ცნობები იმის შესახებ, რომ კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რაღა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი.

სუს-ის უფროსი ამბობს, რომ ორივე ეს ინფორმაცია სიცრუეა. 

"ამ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში, ვითარების ესკალაციას და დაძაბვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთის და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან. ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები". - თქვა სუს-ის უფროსმა. 

გუშინ, 2 ოქტომბერს განცხადება სომხეთის საელჩომაც გააკეთა და დეზინფორმაცია უწოდა ცნობებს, თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. 

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.


close დახურვა