logo
ENG



ზალკალიანი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

23 იან 202220:43
3 წუთის საკითხავი
clock 679
ზალკალიანი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

საქართველოს ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას - #StandWithUkraine შეუერთდა.

ის წერს, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს ზალკალიანი.

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

აღსანიშნავია, რომ 21 იანვარს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ჟენევაში შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი და აშშ თავიანთ განსხვავებებს შეხვედრებით გადაჭრიან, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები დიპლომატიურ გზას გაუყვებიან და საკითხს მშვიდობიანად გადაწყვეტენ.

გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, ის ლავროვს მომდევნო მოლაპარაკებების შესახებაც შეუთანხმდა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ როგორც ბლინკენს შეუთანხმდა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდგომში გასცემს. 

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია. 


close დახურვა