საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი საქართველოში უკრაინის ელჩს, სააკაშვილის განცხადების გამო სამინისტროში იბარებს. როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
უკრაინის ელჩი საქართველოში ჯერჯერობით არ მისულა. საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ როდისთვის ჰყავთ დაბარებული უკრაინელი დიპლომატი. მისი დაბარების შესახებ ინფორმაცია ცნობილი დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საგარეო უწყებაში შეაფასეს, როგორც უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სწორედ ამის შესახებ აფრთხილებდნენ ისინი უკრაინელ კოლეგებს და უკრაინიდან საქართველოს ელჩი გამოიწვიეს.
„ის განცხადება, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევაა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ელჩს ჩვენ დავიბარებთ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს“, - განაცხდა დავით ზალკალიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უკრაინის ერთ-ერთი რიგითი ჩინოვნიკის ჩარევა საქართველოს საქმეებში, არასწორია და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს აზიანებს.
„სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუ ის წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას, დაკავდეს იმ საქმით რა თანამდებობაც აქვს. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. ის არ აზიანებს ჩვენს ურთიერთობას, როდესაც უკრაინის ერთ-ერთი რიგითი ჩინოვნიკი აკეთებს განცხადებებს და ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში?“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს. როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ისინი საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს ქვეყანა ან საბოლოოდ დაიღუპება, ან გაიმარჯვებს.