უშველის თუ არა დავით ზალკალიანის შეერთებულ შტატებში ვიზიტი, "ქართული ოცნების" შელახულ იმიჯს - ოპოზიციასა და ექსპერტულ წრეებში ამას გამორიცხავენ.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ შეძლებს პარტნიორების დარწმუნებას, რომ საქართველო დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია.
ექსპერტი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ასეთი ტიპის ვიზიტმა შესაძლოა ამერიკელი პარტნიორები უფრო გააღიზიანოს.
"თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი, ასევე გაიზარდოს პროპორციული კომპონენტი, ვინც არ უნდა ჩავიდეს, ბატონი ზალკალიანი იქნება ეს თუ პრემიერ-მინისტრი იქნება, არანაირი სხვაობა არ იქნება. პირიქით, ჩემი აზრით ამერიკულ მხარეს უფრო გააღიზიანებს, როდესაც ვაშინგტონი თბილისისგან ითხოვს ქმედებას და პასუხად იღებს ერთგვარ კამათს", - აღნიშნა რუხაძემ.
მის აზრს იზიარებს კიდევ ერთი ექსპერტი თეონა აქუბარდია. აქუბარდია ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი შედეგის მომტანი არ იქნება.
"მახსენდება ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, რასაც მოჰყვა კონგრესმენების წერილებიც ციკლი. არ მგონია, რომ ბატონი ზალკალიანი შეძლებს მათ გადარწმუნებას, საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით. ბატონი ზალკალიანი იქნება, თალაკვაძე თუ გახარია, არა მგონია, რამე გამოსავალი იყოს“, - განაცხადა აქუბარდიამ.
საკითხს ასევე პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.
"მნიშვნელობა არ აქვს მათ ვიზიტს ამერიკაში. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეამციროს კრიტიკა საქართველოს მიმართ, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების უკან დაბრუნება. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება რომ შეინარჩუნოს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. სწორედ ეს იქნება განხილვის საგანი, დარწმუნებული ვარ", - ამბობს დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ურთიერთობები პროპორციული არჩევნების ჩატარებით გაუმჯობესდება.
"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა თქვან, მოაგვარებენ თუ არა იმ პრობლემებს, რომელთა დაკავშირებითაც ქართულ საზოგადოებას და პარტნიორებს წუხილი აქვთ. თუ მათ ჰგონიათ, რომ იქ ვიზიტით ვიღაცის ცნობიერების ამაღლებას შეძლებენ, მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ეს ჩვენი პარტნიორების შეურაცხყოფა იქნება“, - აღნიშნა რატიანმა.