საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ნატოს 2021 წლის სამიტზე საქართველოს დელეგაციის არმიწვევას, სამიტის "განსხვავებული ფორმატით" ხსნის და ამბობს, რომ ამის მიუხედავად, სამიტის დეკლარაციაში ტექსტი საქართველოზე იქნება "ძალიან კარგი". მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს საკითხი მაინც შეტანილია სამიტის დღის წესრიგში.
"ეს გახლავთ სამიტი, რომელიც განსხვავებული ფორმატით იმართება და ერთგვარად, მოსამზადებელია 2022 წლის ნატოს სრულმასშტაბიანი სამიტისთვის. არცერთი პარტნიორი ქვეყანა ამ სამიტზე არაა მიპატიჟებული. [...]
მაქვს ინფორმაცია, რომ ტექსტი არის ძალიან კარგი, ასახულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, მაქვს მოლოდინი, რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, იმაზე რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი. იქნება საუბარი ოკუპაციაზე და იმაზე, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ხაზგასმა იქნება, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი საბოლოო წვერობისთვის. მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე", - ამბობს დავით ზალკალიანი.
დღეს, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. ალიანსის წევრები კომუნიკეს მიიღებენ.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება რუსეთის აგრესიული ქცევა და ალიანსის ძლიერი შეკავების და თავდაცვის მიდგომა და დიალოგი.
"ისევე, როგორც ნატოს განგრძობადი მხარდაჭერა ჩვენს ღირებულ პარტნიორებთან - უკრაინასა და საქართველოსთან". - თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე განცხადებით, ნატოს სამიტზე განიხილება ავღანეთის საკითხი, სადაც NATO-ს სამხედრო მისიები სრულდება, თუმცა, გაგრძელდება მათი მხარდაჭერა ავღანელი სამხედრო ძალების და ჯარის მიმართ.