logo
ENG



ზალკალიანი ჰომოფობ მოძალადეებზე: დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს

07 ივლ 202112:08
3 წუთის საკითხავი
 
ზალკალიანი ჰომოფობ მოძალადეებზე: დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს
საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ გმობს მედიასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე კანონის წინაშე პასუხს აგებს. 

ზალკალიანი ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლმენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო".

"ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელწმიფო მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე", - თქვა მინისტრმა.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.

ხოლო გუშინ, 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი გაათავისუფლეს.


close დახურვა