logo
ENG



ზალკალიანმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ოკუპაციაზე არ ისაუბრა

27 იან 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპაციაზე სასაუბროდ არ გამოიყენა. დავით ზალკალიანმა საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს კონფლიქტის დაძლევაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

დებატები დავით ზალკალიანთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ზალკალიანმა ისაუბრა ქვეყნის მომავალ პრიორიტეტებზე და უკრაინაზე. თუმცა მას ქვეყნის ოკუპაციაზე არ უსაუბრია. 

„ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებათა დარღვევებს იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენი კონტროლი ვერ ხორციელდება. აქ ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ხვალ პრეზიდენტი ამ ტერიტორიებზე ისაუბრებს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს ჰქონდეს წვდომა მონიტორინგზე. მნიშვნელოვანია სრულად განხორციელდეს მინსკის შეთანხმება და შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

რუსული დელეგაციის წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი ქართული მხარისაგან ბოდიშს ელიან და იქამდე რაიმე სახის ვიზიტებზე საუბარი ნაადრევია.

„ჩვენ დავსვამთ კითხვებს, მათ შორის საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებითაც. იმედს გამოვთქვამთ, რომ შენარჩუნებული იქნება კონსტრუქციული ხასიათი, თუმცა სანამ საქართველო ბოდიშს არ მოიხდის გავრილოვის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო, მანამ ვიზიტზე საუბრები არ შეიძლება. ველით ბოდიშს სალომე ზურაბიშვილისგანაც, რომელმაც რუსეთს ოკუპანტი უწოდა", - აცხადებენ რუსი დეპუტატები.

კომიტეტებში რუსი დეპუტატების დაბრუნებას არ გამორიცხავენ ოპოზიციონერი დეპუტატები. როგორც დავით ბაქრაძე განმარტავს, ქართულმა დელეგაციამ უნდა დაანახოს რუსეთს, რომ ოკუპაციის შეწყვეტამდე მას მუდმივად ექნება პრობლემები. 

„ვინაიდან შარშან ორგანიზაციამ დააბრუნა რუსეთი, დიდი შანსია მოხდეს კომიტეტებში მათი უფლებამოსილების ცნობა. ჩვენ უნდა დავანახოთ რუსეთს, რომ აქ მათ ექნებათ პრობლემები მანამ, სანამ არ შეწყვეტენ საქართველოს ოკუპაციას“, - აცხადებს დავით ბაქრაძე. 


close დახურვა