თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. ბალახაშვილების 7-სულიან ოჯახში აღსრულების ბიუროს დილიდან ელოდებოდნენ. სახლთან შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ე.წ. მევახშისთვის გადასახდელი თანხის დასაფარავად მზად არიან, თუმცა გამსესხებელი მაინც ცდილობს, რომ ოჯახი აღსრულების ბიუროს დახმარებით გაასახლოს.
"ცხადია, სადაც ვდგავართ, ამ ბინის თვითღირებულება ბევრად აღემატება დავალიანებას და საკითხის დაყენება, რომ ქუჩაში დავდგე და ვინმეს დახმარება ვთხოვო, არ დგას, რადგან ჩემი ბინა უზრუნველყოფს ამ ვალის დაფარვასაც და იმასაც, რომ მე საერთოდ ქუჩაში არ დავრჩე", - ამბობს გუჯა ბალახაძე.
24 იანვარს დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. აღსრულების ბიურომ ოჯახს რამდენიმეთვიანი ვადა მისცა, რათა სესხის გადახდა შეძლონ.
გამოსახლებებსთან დაკავშირებული პროტესტი 24 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე დაიწყო, სადაც მაია ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლეს. ადგილზე შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები და აქტივისტები, რომლებიც აღსრულების პროცესს აპროტესტებდნენ.
პოლიციამ ჯერ სადარბაზოს, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა, ბინაში გამაგრებული მოქალაქეები კი ძალის გამოყენებით გამოიყვანა. იმ დღეს შსს-ს თანამშრომლებმა 20 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი სისხლის სამართლის წესით.
გამოძიება კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას სისხლის სამართლის კოდექსით ედავება - ისინი აღსრულების ეროვნული ბიუროს მანქანის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.