ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში "ყველაზე აქტუალურია". ზარქუა პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო, რომ "ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა".
"მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე არის ჩაკეტილ სივრცეში და არ მოეწოდება ინფორმაცია. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ქალბატონმა სალომემ უნდა იცოდეს, რომ პირიქით, საქართველო დღეს ყველაზე აქტუალური საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, მათ შორის თავისი სატრანსპორტო შესაძლებლობებით, მათ შორის რამდენიმე მილიარდად შეფასებული ელექტროსადენი იდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მათ შორის ევროკომისიამ სამი დღის წინ შეაფასა ჩვენი რეფორმები ცალკეული სამინისტროების და ერთ-ერთი მოწინავე ვართ. ამიტომ მე ვისურვებდი, ქალბატონ სალომეს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. მე მგონია, რომ მას არ აქვს წვდომა, რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ. შეუძლებელია ეს განცხადება გააკეთოს ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში. თუ მხოლოდ ერთ არხს უყურებს, მაშინ გასაგებია. [...] თუ არ სჯერა ამ ქვეყნის, წარმატებები ვუსურვოთ და გავიდეს მაშინ, დავიღალეო თქვას და გავიდეს, თუ არ შეუძლია, საქართველოს გაუძღვეს ევროპული მომავლისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ დეკემბრის თვეში, გვაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ვინც ამ ფერხულში არ მოგვყვება და ასეთ რამეს იტყვის, არ მგონია, რომ მისის ადგილი პოლიტიკაშია, ან ოპოზიციაში გადავიდეს", - თქვა ზარქუამ.