ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაყვანას ექვემდებარებოდა. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.
"პატიმარი სააკაშვილია არის ჯანმრთელი, შესაბამისად ის ექვემდებარებოდა უკან რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას. სააკაშვილი თუ დაიწყებს შიმშილობას, არა უშავს ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში და მე მგონი, გამოაჯანმრთელებენ", - თქვა მან.
ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც დღის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და თანაპარტიელები ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.
27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.
სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.