logo
ENG



ზარქუა: ქალბატონ ვიოლას ამ საახალწლოდ ნუ ვაშფოთებთ, არ არის ეს აუცილებელი

30 დეკ 202111:48
3 წუთის საკითხავი
 

"ქალბატონ ვიოლას ამ საახალწლოდ ნუ ვაშფოთებთ, არ არის ეს აუცილებელი, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. მე ვურჩევდი ქალბატონ ვიოლას, ნუ შეშფოთდება", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქია ევროპარლამენტარის განცხადებას სახელკმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ  მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი, კარგად ფუნქციონირებადი ინსტიტუტი. 

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შექმნილი სამსახურია. ის არგუმენტები, რაც ახლა არის წარმოდგენილი, რომ ორ სამსახურად უნდა დაიყოს, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ოპტიმალური სისტემაა, რასაც ახლა უმრავლესობა გვთავაზობს. მე რომ მოვიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით არასამთავრობოების პოზიცია, აღმოჩნდა, რომ ისინი 2018 წელს ზუსტად ამას ითხოვდნენ, რომ ორ სამსახურად ჩამოყალიბებულიყო იმიტომ, რომ ინტერესთა კონფლიქტი იყო ერთი მხრივ, მონაცემთა დაცვის და მეორე, საგამოძიებო ნაწილში. ასე, რომ დღეს სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი ამ ე.წ. არასამთავრობოების მხრიდან. თუმცა, ჩვენ ვიცით ეს რას ემსახურება ეს დაკვეთა. დღეს რომ გამოჰყავთ ქალბატონი ლონდა მთავარ მიღწევად, დამსახურებად და სიმდიდრედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არცერთს მხარი არ დაუჭერია, ხმა არ მიუცია, მაშინ როცა ირჩევდნენ. პირიქით, ამბობდნენ, რომ ის არის შსს-ს კადრი და შეუძლებელია მან ადამიანის უფლებები დაიცვას. მგონია, რომ დღეს სამსახურის ორად გაყოფა ემსახურება უფრო მეტად იმას, რომ მოქნილი სამსახური შეიქმნას", - აცხადებს ზარქუა. 

პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენით 30 დეკემბერს განახლდება.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

სახელმწიფო ინსპექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სამსახურის "რეფორმა" უწყების დამოუკიდებლობასა და კრიტიკულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ელჩებიც. 

 


close დახურვა