logo
ENG



ზარქუა მანდატების შეწყვეტაზე: კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით პატარა პარტიებს

02 თებ 202110:05
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა კოლეგებისთვის მანდატების შეწყვეტის კომენტირებისას აცხადებს, რომ უმჯობესია, პარტიებმა ამომრჩევლის ხმა პარლამენტში გაახმოვანონ. ზარქუას თქმით, უმრავლესობაში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პარლამენტს მანდატების გაუქმების შესახებ დიდი ხანია მიმართა. საკითხს საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 2 თებერვალს განიხილავენ. 

ზარქუას თქმით, ის განსაკუთრებით პატარა პარტიებს გულშემატკივრობს.

"ნაწილი ემხრობა შეწყვეტას (მანდატების), ნაწილი გაგრძელების მომხრეა. ზოგადად, ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში გაახმოვანონ. მე, პირადად, ვგულშემატკივრობ  პატარა პარტიებს, რომელთაც ის განსხვავებული ხედვა უნდა შემოიტანონ, რაც ამომრჩეველმა დაუკვეთა", - განაცხადა ზარქუამ.

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს. ისინი ქართულ ოცნებას მოუწოდებენ არ დაუჭიროს მხარი ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. გირჩში აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა დიალოგის პროცესს აზრს დაუკარგავს. 

ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ისინი პარლამენტის საქმიანობაში დღეიდან ჩერთვებიან. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის და ლევან იოსელიანი ქართული ოცნებასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შედიან პარლამენტში. მისივე თქმით, ამ დოკუმენტის ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს და პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს დატოვებენ.

გარდა ამისა, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 


close დახურვა