logo
ENG



ზარქუა პრაიდის კვირეულზე: იმ ფონზე, როდესაც ამდენი გამოწვევაა, არ იყო ამის აუცილებლობა

29 ივნ 202114:30
3 წუთის საკითხავი
 
ზარქუა პრაიდის კვირეულზე: იმ ფონზე, როდესაც ამდენი გამოწვევაა, არ იყო ამის აუცილებლობა
ვახო ქარელი/ფორმულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანაში უამრავი გამოწვევაა, პრაიდის კვირეულის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.

როგორც მან აღნიშნა, ისურვებდა, კონსტიტუციური წესები დაიცვას ყველა მხარემ, ვინც ამ პროცესში იქნება ჩართული.

"იმ მოცემულობაში, როდესაც ამდენი გამოწვევაა, კიდევ ახლა მთელი კვირეული პრაიდის რამდენად მიზანშეწონილია ვერ გეტყვით. თუმცა, კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც ჩვენს ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მიუხედავად მრწამსისა, მსოფლმხედველობისა თუ რელიგიური მიმდევრობისა, მათ შორის, სექსუალური, რომ თავისი მოქალაქეობრივი უფლება და პროტესტი გამოხატოს.

უბრალოდ, მე ვისურვებდი, რომ მაქსიმალურად ყველა მხარემ, ვინც იქნება ჩართული, დავიცვათ ის კონსტიტუციური წესები და ნორმები, რაც არის მიღებული. მე თუ მკითხავთ, არ იყო ამის აუცილებლობა, მთელი კვირა და რაღაცების მოწყობა. კონსტიტუცია იძლევა ამის საშუალებას და კონსტიტუციას ჩვენ დავიცავთ", - განაცხადა ზარქუამ. 

რაც შეეხება ქვიარ თემის მიმართ აგრესიას და დაპირისპირებებს, უმრავლესობის დეპუტატმა თქვა, რომ ასეთი ფაქტები "დიდი დემოკრატიის ქვეყნებშიც ხდება". 

"დაპირისპირებები ამასთან დაკავშირებით დიდი დემოკრატიის ქვეყნებშიც არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში აბა ნახეთ რა ხდება, ცალკე კანონსაც იღებენ და ასე შემდეგ. ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის ხელმომწერი ქვეყანა ვართ, აქედან გამომდინარე ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი ვალია რომ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, თუმცა თუ მკითხავთ, მე ვისურვებდი რომ არ არის ამის აუცილებლობა, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანაში გვაქვს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ჩატარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა. 


close დახურვა