logo
ENG



ზარქუა ჩანაწერებზე: თუ მართალია, საუბარი რაზეა - ერთი მეგობარი მეორე მეგობარს ურეკავს

26 აპრ 202212:47
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის საუბარი ისმის, ამბობს, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია.

"იქ, რაც მე ნაწილი მოვისმინე, რამე ტრაგიკული [არ მინახავს], თუ ეს მართალია და არ არის დამონტაჟებული. საუბარი რაზეა - ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს. ეგ არის და ეგ. თემა რა არის მანდ მე ვერ მივხვდი. რატომ ცდილობთ, რომ აწიოთ ხელოვნურად და შექმნათ დრამატიზირება", - თქვა ზარქუამ.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.


close დახურვა