რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას აქვეყნებს, სადაც ზახაროვა აცხადებს, რომ "საქართველოში ექსტრემისტული ძალები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გართულებას ცდილობენ".
ზახაროვა თბილისში პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ რუსი ჟურნალისტის წინააღმდეგ პროვოკაცია იყო მოწყობილი.
"მომხდარში ვხედავთ, იმას რომ საქართველოში ექსტრემისტული ძალები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გართულებას ცდილობენ", - წერია ზახაროვას განცხადებაში.
ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.
ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.
აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას.
მომხდარს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".